კონტრასტი

თუ გინდა, სამყაროზე მეტი გაიგო, ეძებე მასში კონტრასტი!

Archive for the ‘რეგიონი’ Category

კვირის რეგიონალური ამბები

with one comment

28 მარტი

მთელი ღამის განმავლობაში ხანძარი მძვინვარებდა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში. ცეცხლი 100 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციას და ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძარის დასახლებულ პუნქტზე გადასვლის საშიშროებაც  არსებობდა. ერთ-ერთ ოჯახს  დამხმარე ნაგებობა დაეწვა. შეშინებულმა მოსახლეობამ ღამე ქუჩაში გაათენა.

ადგილზე ხანძარსააწინააღმდეგო სამსახურის 5 ბრიგადა  იყო მობილიზებული, თუმცა ცეცხლის ჩაქრობას ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

31 მარტი

საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდი 2010 წელს სამცხე ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ათ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამცხე ჯავახეთში რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი კონსტანტინე მგელაძე ჩავიდნენ. პროექტის მიხედვით, ახალციხისა და ვალეს რაიონებში რამდენიმე ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა.

ადიგენში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში რამდენიმე სოფელში ცენტრალურ  გზებზე ასპჰალტ-ბეტონის საფარი დაიგება. ამასთან ერთად, სანიაღვრე გზების რეაბილიტაციაც მოხდება.

პროექტის საერთო ბიუჯეტი 9 200 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს საქართველოს მთავრობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ფონდი აფინანსებს.

1 აპრილი

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისს ესტუმრა. ის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ქალაქის წყალმოარაგების პროექტების განხორციელების პროცესს სააკაშვილთან ერთად პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და რეგონული განვითარების მინისტრი დავით ტყეშელაშვილიც გაეცნენ.

ქუთაისის წყალმომარაგების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2008 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდა. ამ ეტაპზე 33 მლნ ლარი დაიხარჯა. მეორე ეტაპი 2011 წელს დაიწყება. სამი წლის შემდეგ კი, პროექტი მთლიანად დასრულდება. პროექტის შედეგად, ქუთაისის ყველა უბანი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

2 აპრილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი ედუარდ კოკოითი თრუსოს ხეობაზე პრეტენზიას აცხადებს. მისი მტკიცებით, ხეობა ისტორიულად ოსეთის ნაწილია. კოკოითის შეფასებით, ეს ტერიტორია საქართველოს არასოდეს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად,  სეპარატისტები პრობლემის მოსაგვარებლად იარაღს არ გამოიყენებენ. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის გადაჭრა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდება.

ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით, რუსეთს სურს საქართველოს ოკუპაცია და მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მოახერხებს ამას, შიდა დაპირისპირებით თუ სამხედრო აგრესიით.

“კოკოითი არის რუსეთის მარიონეტი და მოქმედესბს შეკვეთის შესაბამისად. ამჯერად ვფიქრობ, რომ ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ უსუსურობასა და არაადეკვატურობაზე, რომლითაც აღინიშნა რუსეთის ხელისუფლების ქმედებები მოსკოვის და დაღესტანის ტერაქტების დროს,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

თრუსოს ხეობის შესახებ მსგავსი განცხადება, ედუარდ კოკოითმა ჯერ კიდევ 2009 წლის აგვისტოში გააკეთა. საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებას თრუსოს ხეობის შესახებ ქართული მხარე რუსეთის მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯად აფასებს.

კახეთში სტიქიით მიყენებული ზარალი ნაწილობრივ დათვლილია.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის  გიორგი სიბაშვილის განცხადებით, წინასწარი დათვლების შედეგად ზარალმა დაახლოვებით მილიონნახევარს მიაღწია.  სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონში შვიდი სოფელი რამდენიმე დღის განმავლობაში გარე სამყაროს იყო მოწყვეტილი. ადიდებულმა მდინარემ ახმეტა-თიანეთის 24 კილომეტრზე გზა დაანგრია და ახმეტის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა. ათობით სახლი დაიტბორა ქვემო ალვანში.

ადიდდა მდინარე ჭერმისხევი და სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო. სახნავ სათესი მიწები დაიტბორა სოფლებში: ჭანდარი, შაშიანი, ვეჯინი, ბაკურციხე და კოლაგი.

დაზარალდა თელავიც. მდინარე დიდხევიდან გადმოვარდნილმა წყალმა სოფელ ართანში 2 საცხოვრებელი სახლი დატბორა და შიდა საუბნო გზა წაიღო. სტიქიამ სოფელ შალაურში სასმელი წყლის დრენაჟი დააზიანა. ღვარცოფმა მდინარე ლოპოტაზე და სოფელ იყალთოში არსებული საცალფეხო ხიდიც დაანგრია.

ძლიერმა ქარმა საგარეჯოს რაიონში  ხუთ საერთო საცხოვრებელს სახურავი გადახადა. ადიდებულმა ხეებმა კი დამცავი კედლები დააზიანა, რამდენიმე სახლი და სასოფლო სამეურნეო ადგილი დატბორა.

მუნიციპალიტეტის გამგებლების განცხადებით, ტექნიკა, რომელიც მათ აქვთ მდინარეების კალაპოტების საწმენდად საკმარისი არაა..

სტიქიამ რამდენიმე დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაც გამოიწვია. კახეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.  გუბერნატრორის მოადგილე  გიორგი სიბაშვილი ამბობს, რომ დახმარების საკითხზე მსჯელობენ და სახელმწიფოდან თანხის გამოყოფის შემდეგ აუცილებლად ჩატარდება აღდგენითი სამუშაოები.

                                                                                                                                                                                                                                                                  მარიამ ძეგანიძე